“სილქნეტის” და „ჯეოსელის“ გაერთიანება

27 მარტი, 2018


 
 საქართველოს ისტორიაში შედგა ყველაზე მსხვილი გარიგება, რომელიც „სილქნეტის“  ინტერნეტს, საკაბელო ტელევიზიას და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას  “ჯეოსელის” მობილურ სერვისთან გააერთიანებს.

გაერთიანებული კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისის უფრო ფართო არჩევანს და გაზრდილ წვდომას საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე.
თბილისი, 2018 წლის 27 მარტი -  ქვეყანაში უმსხვილესი ფიქსირებული ქსელის ოპერატორი „სილქნეტი“ ამიერიდან მობილურ სერვისსაც შესთავაზებს მომხმარებელს.

„სილქნეტი“ ჯეოსელის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. გარიგების ღირებულებამ 153 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.  სილქნეტის მიერ ჯეოსელის 100%-იანი წილის შეძენას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიმდინარე წლის 13 მარტს დაეთანხმა.
გარიგების დაფინანსება 133 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსით თიბისი ბანკმა უზრუნველყო 9 ბანკისგან შემდგარი სინდიკატის მეშვეობით.
პროცესის მიმდინარეობისას საერთაშორისო კომპანიებმა „ჰულიჰან ლოკი“ (Houlihan Lokey) და „ერნეჰოლმ ჰასკელ“ (Erneholm Haskel) სილქნეტის ფინანსური მრჩევლების მოვალეობა შეასრულეს. ხოლო კომპანია „დენტონსი“ (Dentons) იურიდიული მრჩეველი იყო.
პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ KPMG და წამყვანი გლობალური სატელეკომუნიკაციო ოპერატორ Orange-ის შვილობილი საკონსულტაციო კომპანია „სოფრეკომი“ (Sofrecom). თავად სილქნეტი Orange Alliance-ის წევრი 2014 წლიდანაა, რაც კომპანიას მოწინავე ტექნოლოგიებსა და საუკეთესო პრაკტიკასთან წვდომას აძლევს.    Orange Alliance-ის წევრობა სილქნეტს მოწინავე საერთაშორისო მართვის სისტემების დანერგვისა და მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტებისა და მომსახურების სწრაფად შეთავაზების საშუალებას მისცემს.
 


დღესდღეობით „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებში დასაქმებულია დაახლოებით 5,000 ადამიანი. ბოლო ათი წლის განმავლობაში „სილქ როუდ ჯგუფმა“ პარტნიორებთან ერთად საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა.