სილქნეტის მხარდაჭერით, თელავის ისტორიულ მუზეუმის ფოტოარქივი გაციფრდება

30 ნოემბერი, 2020

ციფრული ფოტომატიანე  2014 წელს დაიწყო, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი. მისი მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით აღმოაჩინოს, გააციფროს და გადაარჩინოს ოჯახებსა თუ დაწესებულებებში შენახული, საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ფოტომასალები. პროექტზე მომუშავე მობილური ჯგუფი, სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით ახდენს ფოტოების გაციფრებას და ამ მასალის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში განთავსებას. დღეისათვის, ათასობით ფოტოა გაციფრებული.

 

 

„ციფრული ფოტომატიანე“ სილქნეტის მხარდაჭერით გრძელდება.  ეროვნული ბიბლიოთეკის გუნდი, თელავის     ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფოტოარქივივს შესწავლას და გაციფრებას შეუდგა, რომლის საშუალებითაც საზოგადოება დღემდე უცნობ მასალას გაეცნობა და ასევე, ფოტოებზე აღბეჭდილი  ადამიანების ამოცნობაშიც ჩაერთვება.

 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1927 წელს დაარსდა. ქართული ისტორიოგრაფიისათვის მნიშვნელოვანი ნუმიზმატიკური, მემორიალური და სახვითი ხელოვნების ნიმუშებთან ერთად მუზეუმის საცავებში დაცულია უმდიდრესი ფოტოფონდი, რომელიც შედგება ალექსანდრე როინაშვილის, ვასილ როინაშვილის, დიმიტრი ერმაკოვის, შარკანოვის, ბარკანოვის, სოსნოვისა და ისაკ ტორის მიერ გადაღებული ფოტოკოლექციებისგან. ფონდში ასევე იდენტიფიცირებულია ნეგატივები, რომელთა რაოდენობა 7000 ერთეულს აღემატება.

აღნიშნული ფოტოკოლექციაში არსებული მასალების უმრავლესობა  აქამდე არასოდეს დაბეჭდილა და გამოქვეყნებულა და  შესაძლებელია, აღმოჩნდეს არაერთი ისეთი პიროვნებისა და ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტო, რომლებიც დღევანდელი საზოგადოებისა და მკვლევარებისთვის  მნიშვნელოვანი  ინფორმაციის შემცველი იქნება.